„ქართული მარში“ „ღია საზოგადოების ფონდის“ საწინააღმდეგო აქციას მართავს
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და ამ წუთებში „ღია საზოგადოების ფონდის“ (სოროსის ფონდი) ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოში საქმიანობის აკრძალვაა.
„ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ორ კვირაში საქართველოს პარლამენტში სოროსის ფონდის აკრძალვის კანონპროექტის განხილვა თუ არ დაიწყება, ფონდის კარს აჭედავენ და თანამშრომლებს შესვლის საშუალებას არ მისცემენ.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოყო ჯორჯ სოროსმა მართლმადიდებლობასთან ახალი ფრონტის გაშლის მიზნით. ჩვენი ე.წ. არასამთავრობოებიც ელოდებიან დაახლოებით 4 მილიონს ამ თანხიდან. დღეს შევიტანეთ პარლამენტში მოთხოვნა, რომ აიკრძალოს უცხო ქვეყნებიდან არასამთავრობოების დაფინანსება და სოროსის ფონდის საქმიანობა. სოროსის ფონდიდან, რუსეთიდან და ყველა ქვეყნიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა იყოს აკრძალული.
ფული ნაწილდება იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც გამორჩეულები არიან ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდითა და ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნით. ეს არის „თეთრი ხმაური“, „საია“, სახალხო დამცველის აპარატი, „საფარი“, „იდენტობა“. ორკვირიან ულტიმატუმს დავაყენებთ. თუ ორ კვირაში საქართველოს პარლამენტში სოროსის ფონდის აკრძალვის კანონპროექტის განხილვა არ დაიწყება, მაშინ ავჭედავთ სოროსის ფონდის კარებს, შემოვარტყამთ ალყას და აღარ შევუშვებთ თანამშრომლებს“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.