მიმდინარე საფეხბურთო უქმეებზე, უცხოეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა მოახერხა.
ლატვიის ვირსლიგაში ბექა ვაჩიბერაძისა და ლაშა შერგელაშვილის „რიგასმა“ სტუმრად ერთ-ერთ ლიდერ „ვენტსპილსს“ ქულა აართვა 1:1. ორივე ქართველმა სრულად ითამაშა, სტუმართა გოლის ავტორი კი ვაჩიბერაძეა, რომელმაც ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა. 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. მისი გუნდი 13 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერს, თამაზ პერტიას გაწვრთნილ „ლიეპაიას“ და „ვენტსოილსს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში 2 ქართული გოლი გავიდა. პეტროპავლოვსკის „ყიზილ-ჟარამ“ საკუთარ სტადიონზე „აკჟაიკს“ უმასპინძლა – 32-ე წუთზე ანგარიში პენალტით შოთა გრიგალაშვილმა გახსნა. მას ჯარიმის შესრულება ორჯერ მოუხდა. პირველად მეკარეს ვერ აჯობა და დამატებაზე გაიტანა. მაგრამ მოთამაშეები საჯარიმოში მსაჯის სასტვენამდე ადრე შევარდნენ და მთავარმა არბიტრმა ქართველს პენალტი მეორედ შეასრულებინა – ამჯერად, გრიგალაშვილმა უნაკლოდ დაარტყა. 4 წუთში, გოგიტა გოგუამ ლამაზი გოლით თავისიანების უპირატესობა გაზარდა. „ყიზილ-ჟარას“ ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ფოფხაძეც. საბოლოოდ კი, ქართველების გუნდმა 2:1 მოიგო და მერვე ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართულ მორიგ ტურში გიორგი ქვილითაიამ ვენის „რაპიდს“ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ გუნდში დარჩენას იმსახურებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლინცის „ლასკთან“ გასვლით შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 56-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 88-ეზე მოედანი დატოვა. „რაპიდმა“ 2:0 მოიგო და 58 ქულით მესამე ადგილზეა. ქვილითაიამ ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, სულ კი ბუნდესლიგაში 10 გოლი მიითვალა და ბომბარდირებში მე-6 ადგილზეა.
ზაქარია ბეგლარიშვილმა კი ესტონეთში ისევ გაიტანა და ამჯერად, გეგმასაც გადააჭარბა. მეისტრილიგის მე-12 ტურში, „ფლორა“ ტალინის „კალევი“ დაამარცხა. 27 წლის ქართველმა მეტოქის კარი პირველად 70-ე წუთზე აიღო და „ფლორა“ 2:1 დააწინაურა, ხოლო სამ წუთში პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1. ბეგლარიშვილმა 12 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირებში მესამე ადგილზეა – მისი გუნდი „ფლორა“ ჩემპიონატში ასევე მესამე პოზიციაზეა.