ბელარუსის დედაქალაქი ქართული კულტურის დღეებს მასპინძლობს. მინსკის ისტორიულ ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ფესტივალი „თბილისობა 2018“ ტარდება. ფესტივალის პირველი დღის კულმინაცია ქართველი მუსიკოსების საღამო იყო. ათობით ათასი მაყურებლის წინაშე გამოვიდნენ ანსამბლები „ერისიონი“, „ქართული ხმები“, მომღერლები მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, თბილისის ბიგ ბენდი. საღამო ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტით დასრულდა. მუსიკოსმა ორი საათის განმავლობაში თავისი ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა.