ქართული კულინარიის შესახებ გერმანულად წიგნი გამოიცა. როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი, წიგნი სათაურით „კავკასია – კულინარიული მოგზაურობა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ გამომცემლობა Knesebeck Verlag -ს ეკუთვნის. წიგნის ავტორი წარმოშობით უკრაინელი ოლია ჰერკულესია, რომელმაც ქართული სამზარეულოს შესწავლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
ოლია ბრიტანეთში ცხოვრობს და უკვე წლებია ქართულ სამზარეულოს ლონდონელებს აცნობს.
„შეფ-პოვარი, რომელიც მოგანდომებს, რომ საქართველოს ეწვიო”, – წერს ბრიტანული გამომცემლობა INDIPENDENT-ი ახალგაზრდა კულინარზე. როგორც მან გამომცემლობისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველომ იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა მასზე, რომ საცხოვრებლად დარჩენასაც ფიქრობდა.
„საქართველოში ყველაფერი აღგაფრთოვანებს, ბუნება, ხალხი, ტრადიციული სამზარეულო და მე მარტივად წარმოვიდგინე, რომ შემეძლო სამუშაოდ და საცხოვრებლად დარჩენა ამ ქვეყანაში”,-აღნიშნა ოლია ჰერკულესმა.
ავტორის თქმით, რეცეპტები საქართველოს გარშემო მოგზაურობისას მოაგროვა, მისი ინსპირაცია კი ის ადამიანები გახდნენ, ვინც სახლში მომზადებულ საკვებს უზიარებდა.