ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-13 ტურის და მეორე წრის ცენტრალური მატჩი დასრულდა – ქართულ კლასიკოში “ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა.
ეს მატჩი საქართველოს ჩემპიონატებში ყველაზე პრინციპული მეტოქეების 69-ე დაპირისპირება გახლდათ. წინა 68-ში 35-ჯერ თბილისელებმა გაიმარჯვეს, 17 ფრედ დასრულდა, ხოლო 16 რიონისპირელთა მოგებით დასრულდა.
„ტორპედო“-„დინამო“ ყოველთვის უკომპრომისობით გამოირჩეოდა. ამჯერადაც, შეხვედრამ მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მაყურებლის დასწრების რეკორდი დამყარდა – სტადიონზე 10 ათასამდე მაყურებელი შეიკრიბა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა. ქუთაისელები მე-6 წუთზე ლევან კუტალიამ დააწინაურა 1:0. მაგრამ თბილისელებმა უკვე მე-15 წუთზე აკაკი შულაიას გოლით წონასწორობა აღადგინეს – 1:1.
მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ეს საინტერესო და დაძაბული მატჩი 1:1 დასრულდა.
შედეგად, „დინამომ“ 26 ქულა დააგროვა და კვლავ მეორე პოზიციაზეა, ხოლო „ტორპედო“ 18 ქულით ისევ მეხუთეა.