„ნახე პირველად ბაკურიანში“ – ქართული კინოს ფორუმი ბაკურიანში გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმით „თორმეტი გაკვეთილი“ დაიხურა.
ოთხი დღის განმავლობაში კინოფორუმი საზოგადოებას სთავაზობდა იმ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს. ღონისძიების პროგრამაში იყო დიმიტრი ცინცაძის ორი ნამუშევარი – საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე „შინდისი“ და შანხაის კინოფესტივალის ტრიუმფატორი ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედი“, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ და გიგა ლიკლიკაძის „ღორი“. კინოჩვენებების გარდა, გაიმართა საინტერესო პანელდისკუსიები კინომემკვიდრეობისა და თანამედროვე ქართული კინოს გამოწვევებზე.
ქართული კინოს ფორუმს რეჟისორები, პროდიუსერები, მსახიობები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ.