ქართული ღვინო საფრანგეთში, გასტრონომიის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Le Pont Caucasien-ის ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ტოულ-სურ-მერში (Théoule-sur-mer) გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე – Theoule Arts and Vin-ზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 12 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის 15 სახეობის ღვინოს. რიგით მე-16 ფესტივალი Theoule, Arts and Vin-ი, რომელიც ტოულ-სურ-მერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 2008 წლიდან იმართება, აერთიანებს ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს, ღვინის მომხმარებლებს, იმპორტიორებსა და გასტრონომებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო- მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მზარდია.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.