ქართული ღვინო დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს გამართულ ყოველწლიურ ღვინის გამოფენაზე ,,Copenhagen Wine Fair’’ იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გამოფენას დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გიგი გიგიაძე დაესწრო. ელჩმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული ღვინის კულტურაზე და დანიაში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე ისაუბრა.
საქართველო აღნიშნულ გამოფენაში პირველად მონაწილეობდა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების გაფართოებისა და დივერსიფიკაციის მიზნით საკმაოდ მნიშვნელოვანია. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციაც მოეწყო.
გამოფენას 200-მდე მცირე და საშუალო იმპორტიორი ეწვია. ასევე გაიმართა სემინარი დანიაში ღვინის იმპორტის სპეციფიკის თაობაზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 15 სახეობის ღვინო ქართული ღვინის მწარმოებელი შემდეგი კომპანიებისგან: ,,მეღვინეობა ვაზიანი’’, ,,ბრუალე/ქაპ ჯორჯია’’, ,,მოსმიერი’’ და ,,წინანდლის ძველი მარანი“ .
გამოფენაში სულ 25-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, რომელთა დიდი ნაწილი იტალიიდან და საფრანგეთიდან იყო.
საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დანიის სამეფოში გასული წლის ბოლოს ღვინის იმპორტიორი კომპანიის ,,The Easy Company Aps’’ მფლობელსა და დანიის ღვინის იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სვენდ ლეთ მულერს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო დანიაში ქართული ღვინის შეტანის შესაძლებლობები და ღვინის ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის პირობები, რის შემდეგაც დაიგეგმა ქართული ღვინის წარდგენა ზემოთ აღნიშნულ გამოფენაში, რათა ქართულმა ღვინომ დანიის საექსპორტო ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი .