ქართული ღვინის რამდენიმე სახეობამ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსზე 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მიიღო
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართულმა ღვინომ იაპონიაში მორიგი წარმატება მოიპოვა. მათივე ცნობით, სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინომ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
„საერთაშორისო კონკურსი Sakura Award მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა. მასში 32 ქვეყნის 4 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით – სომელიებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
წელს საკონკურსო ღვინოები 186-მა იაპონელმა ქალბატონმა შეაფასა. იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს 2014 წლიდან ახორციელებს. 2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ისე ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე.