ქართული ღვინის OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შეტანის საკითხი შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძემ წარადგინეს.
OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ, აღნიშნულმა საკითხმა მხარდაჭერა მოიპოვა და განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვა გაიმართება.
საფრანგეთში ვიზიტის დროს, გიორგი სამანიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა OIV-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან, რომლებმაც ქართული დელეგაციის წევრებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს.
2017 წელს,ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო), OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.
ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინოა: შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი).
შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.
გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.