ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ 5-21 ოქტომბერს გაიმართება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-21 ოქტომბრის ჩათვლით ქართული ღვინის დღეები – ღვინობისთვე 2018 გაიმართება.
ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და დედაქალაქს მოიცავს. ერთი თვის განმავლობაში ქართული ღვინის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონის ღვინოები და გაეცნონ ქართულ კულტურას. ღვინის დღეები ხუთ ოქტომბერს თელავში, „თელავინო 2018“-ით გაიხსნება და 21 ოქტომბერს ქართული ღვინის მეხუთე ეროვნული კონკურსით დასრულდება.
ღონისძიებების ჩამონათვალი
5 ოქტომბერი – “თელავინო 2018″
თელავი/ძველი ბაღი
12:00 – 17:00
გაიმართება ქართული ღვინის დეგუსტაცია, ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა,თემატური ნამუშევრების (ფოტო, მხატვრული, მინა, კერამიკა, ტექსტილი) გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.
მოეწყობა საშემოდგომო პავილიონები, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული და მუსიკალური ნომრები.
მხარდამჭერია Kakheti Wine Guild / კახეთის მეღვინეთა გილდია
12 ოქტომბერი – “ღვინობისთვე მარნეულში”
მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
12:00 – 17:00
გაიმართება ღვინის დეგუსტაცია, მოეწყობა ხელნაკეთი, თემატური ნამუშევრების გამოფენა თიხის დამუშავების მასტერკლასები, ჩატარდება კონკურსი მარნეულის მეღვინეებს შორის (წარმოდგენილ პროდუქციას სომელიეები შეაფასებენ და გამარჯვებულს გადაეცემა სიმბოლური საჩუქარი)გაიმართება ყურძნის დაწურვის ცერემონია.
მხარდამჭერია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall
13 ოქტომბერი – “გურჯაანის საერთაშორისო ღვინის ფესტივალი
გურჯაანი/ახტალის პარკი
12:00 – 17:00
გაიმართება კახური და ევროპული ღვინის დეგუსტაცია.მოეწყობა ხელნაკეთი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, მოეწყობა სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო და კულინარიული პავილიონები, გაიმართება სადემონსტრაციო ყურძნის დაწურვა და თათარაობა. ღონისძიება დასრულდება კინოჩვენებით „საქართველო-ღვინის სამშობლო“, რომელიც გაიმართება გურჯაანის კულტურის ცენტრში.
13 ოქტომბერი – ქართული ღვინის ფესტივალი 2018
თბილისი/სიონის ქუჩა
12:00 – 19:00
ქართული ღვინის ფესტივალი • Georgian Wine Festival
15 ოქტომბერი – ,,Wine Feeling 2018’’
თბილისი/ბარ-რესტორანი ,,პოლიფონია’’
ღვინის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, Wine Feeling 2018 წელს მეორედ იმართება.ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ლექციები თემებზე: ვაზის ჯიშები, ღვინის სახეობები, ღვინის ტურისტების ინტერესები, მიკრო-ზონები და ნიადაგი, დეგუსტაცია და საკვებთან შეხამება.
17 ოქტომბერი – “მცირე მარნები დიდ ასპარეზზე”
თბილისი/ ღვინის ქარხანა #1
11:00 – 18:00
„ღვინობისთვე 2018“-ის ფარგლებში, კომპანია ღვინის კლუბის ორგანიზებით, მოეწყობა საფესტივალო აქცია ,,მცირე მარნები დიდ ასპარეზზე’’ .
ღონისძიება გაიმართება ღვინის ქარხანა N1-ის სარდაფებში (პეტრიაშვილის ქ.#1).
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 40 მარანი.
20-21 ოქტომბერს კი, ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის დაჯილდოება გაიმართება.