ქართული ჭიდაობა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციაში გაწევრიანდა
ქართული ჭიდაობა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციაში გაწევრიანდა – ამის შესახებ ცნობილი გახდა სამხრეთ კორეის ქალაქ შუნგ-ჩუნგში, სადაც საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი მიმდინარეობს.
კონგრესს ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრება, რომელმაც სიახლის შესახებ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„სასიხარულოა, რომ კონგრესზე ქართული ჭიდაობა საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ასოციაციაში გაწევრიანდა. ეს არის აღიარებაც და დაფასებაც, რადგან მსოფლიო ასოციაცია მხოლოდ უძველეს და ყველაზე პოპულარულ სახეობებს აერთიანებს“, – განაცხადა გელა ბერუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.
საბრძოლო ხელოვნების მსოფლიო ფედერაცია (WFMAF) საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის შტაბი ნიუ იორკშია. მისი მიზანი საბრძოლო ხელოვნების ტრადიციული ფასეულობების სწავლება და პოპულარიზაცია.
ქართული ჭიდაობა საბრძოლო დანიშნულების იყო. ტერმინი „რკენა“ ნახსენებია მე-9 საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „ცხოვრება სვიმონ მესუეტისა“. ფალავნობის სხვადასხვა ამბებია მოთხრობილი მე-12 საუკუნის „ამირანდარეჯანიანსა“ თუ „აბდულმესიანში“. ასევე საინტერესოა ფრანცისკანელი ბერის ჯიოვანო პლანო კარპინის (1182-1252 ) ნაამბობი. მესხურ ქრონიკებში მოიპოვება ცნობა იმის შესახებ, რომ სამცხე-საათაბაგოს თავკაცს ყვარყვარეს ხონთქრის ფალავანი დაუმარცხებია, რის გამოც სტამბოლიდან ქრისტიანად დაბრუნებულა:
შეგახსენებთ, რომ ქართული მრავალხმიანობის, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდისა და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის შემდეგ, იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ქართული ჭიდაობაც შევიდა. ისტორიული გადაწყვეტილება მავრიკის ქალაქ პორტ-ლუისში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის 29 ნოემბერს მიიღეს.