2008 წლის შემდეგ შიდა ქართლში ასეთი მასშტაბის ტურნირი არ ჩატარებულა - აბსოლუტურ ფალავნობას გორი უმასპინძლებს #1TVSPORT
2008 წლის შემდეგ შიდა ქართლში ასეთი მასშტაბის ტურნირი არ ჩატარებულა - აბსოლუტურ ფალავნობას გორი უმასპინძლებს #1TVSPORT

„საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა 2021“ 19 დეკემბერს გაიმართება. შემაჯამებელ ღონისძიებას გორი უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გელა ბერუაშვილმა განაცხადა:

„საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა“ 2008 წლის ომის შემდეგ, გორსა და შიდა ქართლში ასეთი გრანდიოზული ტურნირი არ ჩატარებულა. ახალი დარბაზი ააშენეს და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ტურნირი ამ ქალაქში გაგვემართა. თანაც თბილისიდან უნდა გავიდეთ და რეგიონებშიც ჩავატაროთ. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ და სპორტსმენები გაამხნევონ. რა თქმა უნდა, ყველა სახის რეგულაცია დაცული იქნება და დიდი იმედია, რომ საუკეთესოდ ორგანიზებული ფალავნობა ჩატარდება“, – განაცხადა გელა ბერუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ფალავნობა ტრადიციულად ნახერხზე უნდა გამართულიყო: 

„გვინდოდა ფალავნობის ნახერხზე ჩატარება, მაგრამ სიცივეა, გვირჩევნია დარბაზში ჩავატაროთ და ლეიბზე იჭიდავებენ“.

მისი თქმით, უცხოელი მოჭიდავეების ჩამოყვანაზე პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო უარი თქვეს: 

„უცხოელების ჩამოყვანა გვსურდა, მაგრამ პანდემიის გამო ვერ ჩამოდიან, ბევრი შეზღუდვა და ბარიერებია. ახალ ამ ნაბიჯზე თავი შევიკავეთ, მაგრამ შემდეგში უცხოელები აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ, რადგან ამას იუნესკო გვთხოვს, რომ ქართული ჭიდაობის წარმომადგენლობა უცხოეთშიც იყოს“.

მისი თქმით, ფალავნობაზე, სადაც ადრეულ წლებში გამარჯვებულები ტრადიციულად ცხვრით ჯილდოვდებოდნენ, გამარჯვებულებზე დიდი ფულადი პრემიებია გათვალისწინებული – საპრიზო ფონდი 150-ათას ლარს შეადგენს. მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებიდან ოთხ წონით კატეგორიაში 16 საუკეთესო ფალავანი შეირჩევა, რომლებიც მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ.

დატოვე კომენტარი