ისტორიაში პირველად, ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო პირველობა გაიმართა #1TVSPORT
ისტორიაში პირველად, ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო პირველობა გაიმართა #1TVSPORT

საქართველოში 18 და 19-წლამდე სპორტსმენთა შორის ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო პირველობა გაიმართა, რომელსაც თბილისის ცირკმა უმასპინძლა. ორგანიზატორების მოწვევით ტურნირზე 35 ქვეყნის ფალავნებმა იასპარეზეს.

2018 წელს, ქართული ჭიდაობა იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახეობის პოპულარიზაცია და ტურნირების ჩატარება გადაწყდა.

ხვალ მონაწილეები გადაინაცვლებენ სოფელ შილდაში, სადაც ასოციაცია „წინაპრის“ მიერ აშენებულ ქართული ჭიდაობის კომპლექსში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული ჭიდაობის სახეობებს გაეცნობიან.

ორგანიზატორების თქმით, სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი დუბაიში, აგრეთვე ქართულ ჭიდაობაში ევროპის პირველობის გამართვა.

„ტურნირმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველა წონით კატეგორიაში ძლიერი მონაწილეები გვესტუმრნენ. მაგალითად, ერთ-ერთ წონაში ევროპის ჩემპიონი ჩამოვიდა. ხოლო ორ წონაში ქართველები ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებენ. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ქართულ ჭიდაობაში ჩავატაროთ ევროპის პირველობაც, ხოლო დუბაიში – მსოფლიო ჩემპიონატი, რაც სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“ – ამბობს გელა ბერუაშვილი, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.