„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი მესამე მოსმენით აღარ იქნება განხილული და პროექტი სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეცემა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ სიცრუეა. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ, იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის, ასევე პირადი კომუნიკაციის საშუალებით გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იმავე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან სწორედ მაშინ, როცა უკრაინამ და მოლდოვამ — კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს, და ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციებისთვის სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნას შეფასებული სამართლებრივად და დაჩქარებული იყოს პროცესი“, – განაცხადა მდინარაძემ.