„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1 000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, 5 000 კი - ეტაპობრივად
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 6 000 პატიმარს შეეხება.
როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია.
„ხვალ და მომდევნო დღებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა დროს და ფორმით შეეხება 6 000-მდე პატიმარს. აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000 პატიმარი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის ხოლმე გათვალისწინებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.