ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია დასრულდა
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია დასრულდა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია დასრულდა. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 23-ვე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია კი,  14:00 საათზე დაიწყება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში. აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდები 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრში ტარდება. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო, ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.