qartli.ge-ს რედაქტორის შეტყობინების საფუძველზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო
qartli.ge-ს რედაქტორის შეტყობინების საფუძველზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ qartli.ge-ს რედაქტორის შეტყობინების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გუშინ, ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა.

„მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ფაქტის გაშუქების მიზნით, ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივიდა ადგილობრივი მედიასაშუალების qartli.ge-ს რედაქტორი.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ qartli.ge-ს რედაქტორის შეტყობინების საფუძველზე ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო“,- აცხადებენ შსს-ში.