ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მაიკლს“ შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ფლორიდაში, ერთი ჩრდილოეთ კაროლინაში და ერთი – 11 წლის ბავშვი ჯორჯიის შტატში. მოზარდს ხე დაეცა.
სტიქიის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატები დატბორილია. მანამდე კი, საათში 250 კილომეტრი სიჩქარით მოძრავმა, მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა ფლორიდას შტატს გადაუარა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ორი შტატის 600 ათასზე მეტი აბონენტი.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს აეროპორტებში 800-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. აქედან, 300-ზე მეტი რეისი ჩრდილოეთ კაროლინის შარლოტ დუგლასის აეროპორტმა გააუქმა. უსაფრთხოების მიზნით, ფრენები შეფერხებით ხორციელდება სამხრეთ კაროლინისა და ჯორჯიის შტატის აეროპორტებშიც. საერთო ჯამში, საუბარია, 2400 გადადებულ რეისზე.
ქარის სიჩქარე ამ დროისთვის საათში 85 კილომეტრამდეა შესუსტებული. ის სვლას ატლანტის ოკეანისკენ განაგრძობს.