ქარიშხალ „დორიანს“ მეოთხე კატეგორია მიენიჭა, უახლოეს საათებში მის გაძლიერებას ელოდებიან
ქარიშხალ „დორიანს“ მეოთხე კატეგორია მიენიჭა, – ამის შესახებ ამერიკული მედია, ქვეყნის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული კატეგორიის დროს კი, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 215 კილომეტრს აღწევს.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, უახლოეს საათებში „დორიანი“ კიდევ უფრო გაძლიერდება.
ქარიშხალმა უკვე გადაუარა კარიბის ზღვის რამდენიმე კუნძულს და ახლა ჩრდილოეთისკენ მიემართება. მოსალოდნელია, რომ სტიქია ბაჰამის კუნძულებსა და ფლორიდის შტატს დაატყდება თავს, სადაც უკვე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა ფლორიდის შტატში ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება ჯერ არ გაუცია.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ევაკუაციის გადაწყვეტილებას პირველ სექტემბერს მიიღებენ.