„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქარელში მეზობელ ქალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, წარმატებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი ქარელში, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.