ქალთა შორის 2025 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოს პირველ არხზე
საქართველოს პირველი არხი ქალთა შორის 2025 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს საზოგადოებას ექსკლუზიურად შესთავაზებს.
ჩემპიონატის ლიცენზია პირველმა არხმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისა (EBU) და უეფა-ს თანამშრომლობის ფარგლებში 37 წევრ მაუწყებელთან ერთად შეიძინა. ლიცენზიის პირობები ჩემპიონატის ყველა პლატფორმაზე გაშუქების უფლებას მოიცავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ქალთა შორის ევრო 2025-ს პირველ არხზე, პირველი არხი სპორტზე, საქართველოს რადიოს ეთერში და ონლაინ პლატფორმაზე 1tvplay.ge შესთავაზებს.
ჩემპიონატი 2025 წლის 2-27 ივლისს შვეიცარიაში გაიმართება.
„პირველი არხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაა, მათ შორის, ქალების ხილვადობის ზრდა სპორტში. ჩვენთვის პრიორიტეტია, ამ მიმართულებით გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რისი კარგი მაგალითიც არის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვა წევრებთან ერთად, უეფა-სთან პარტნიორობა ქალთა შორის ევრო 2025-ის ექსკლუზიურ ტრანსლირებასთან დაკავშირებით. ერთობლივი მიდგომა უზრუნველყოფს მეტ მასშტაბს და, შესაბამისად, მეტ ეფექტიანობას“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს პირველი არხი ქალთა შორის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიის შეძენით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის სხვა წევრებთან ერთად, მხარს უჭერს ქალთა ფეხბურთის გაძლიერებას და ქალების სპორტში ჩართულობის წახალისებას.
პირველ არხთან ერთად ჩემპიონატს ექსკლუზიურად გადასცემენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაუწყებლები: AMPTV, ARD, BBC,BHRT, BNR, BNT, CR, CT, CyBC,ERR, ERT, HRT, ITV, LR, LRT, LTV, MRT, MTVA, NOS, ORF, PBS, ROR, RTE, RTBF, RTCG, RTK, RTL, RTS, RTSH, RTV, RTVS, RUV, SRG SSR, TRT, TVR, VRT და ZDF.
„ქალთა შორის ევრო 2025-ის შეთანხმება უპრეცედენტოა დაფარვის მასშტაბის მხრივ და ასახავს ქალთა ფეხბურთის გაძლიერების ხელშეწყობას, რაც მისი სამომავლო ზრდისა და განვითარების გარანტიაა. აღნიშნული შეთანხმება არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის და მისი წევრების მთავარი სტრატეგიის ნაწილი ქალთა სპორტის გაძლიერებისთვის, უფრო და უფრო მეტი წევრი მაუწყებლის ჩართულობით და ინტენსიური გაშუქებით“, – განაცხადა EBU-ს სპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, გლენ კილეინმა.
Eurovision sport-ი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი სტრიმინგპლატფორმა, ქალთა შორის ევრო 2025-ის გაშუქებას დამატებით უზრუნველყოფს, ქართველ მომხმარებელს აღნიშნულ პროდუქტზე წვდომის მიღება სრულიად უფასოდ 1tvplay.ge-ს საშუალებით შეუძლია.
„ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ჩვენი პარტნიორობა ევროპის მასშტაბით ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია. EBU-ს წევრების ჩართულობით უზრუნველყოფილი იქნება ქალთა შორის ევრო 2025-ის მასშტაბური გაშუქება და მრავალფეროვანი აუდიტორიის მოცვა, რაც ხელს შეუწყობს მომავალ თაობებში მოტივაციის ზრდას და ქალთა ფეხბურთის გაძლიერებას“, – განაცხადა უეფა-ს მარკეტინგის დირექტორმა, გი-ლორენ ეპშტეინმა.
2025 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ქალთა შორის 2025 წლის 2-27 ივლისს შვეიცარიაში გაიმართება.