ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას მომავალ კვირაში გეგმავს
ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე საპარლამენტო უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას მომავალ კვირაში გეგმავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მას შემდეგ რაც საკანონმდებლო ორგანომ 30 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერილ და არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს დღეს მხარი არ დაუჭირა, უმრავლესობა პარლამენტს კვოტირების მისეულ ვერსიას წარუდგენს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მათ მიერ მომზადებული ვერსია იმ საკითხებსაც უპასუხებს, რომლებზეც უმრავლესობის შიგნითაც აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია იყო.
„აქ იყო დისკუსია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. კვოტირება არის ზოგადი პრინციპი, თუმცა საუბარი იყო კვოტების განაწილებაზე, პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ არჩევნებზე. ეს საკითხები განიხილება, შევჯერდებით უმრავლესობაში და კვოტირებაზე ინიცირდება ახალი კანონპროექტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
საერთო სულისკვეთება არის იგივე. ჩვენი ამოცანაა, რომ შემდეგი არჩევნებისთვის სულ მცირე 25 პროცენტამდე გავზარდოთ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა, ხოლო 2024 წლისთვის ავიდეთ სულ მცირე 33-პროცენტიან მაჩვენებელზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირებასეხება, კენჭისყრაზე ჩავარდა.
ცვლილებებს მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 14 წავიდა. პროექტის პირველი მოსმენით მისაღებად 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იყო საჭირო.