ქალთა ნაკრებში საოცარი შედეგი დაფიქსირდა - ორმა ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში 85-ე მატჩი ჩაატარა
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ ისრაელის ნაკრები (1:2) მიიღო, სადაც უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენმა ნახევარმცველებმა, ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ ეროვნულ გუნდში 85-ე შეხვედრა ჩააატარეს.
„ფეხბურთში ორივე ერთად მოვედით და ნაკრებშიც პირველი მატჩი 14 წლის ასაკში ერთად ვითამაშეთ, მაგრამ საქართველოში ქალთა ნაკრებში 85-ე შეხვედრა მართლაც მიღწევაა, რადგან ჩვენი ნაკრები ხშირად ვერ თამაშობდა. მხოლოდ ბოლო წლებია, რაც ნაკრებს ყურადღება მიაქციეს და თამაშები და სპარინგები ჩვეულ მოვლენად იქცა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ნინო პასიკაშვილი.
ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ბოლო ორი წელია, საქართველოს ქალთა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა: „ადრე არაერთი პრობლემა გვქონდა, ახლა კი ჩემპიონატი სისტემატურად ტარდება და სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აღარ არის. რაც მთავარია, სტადიონებზე შესვლის საკითხი მოგვიგვარდა, ისეთ მოედანზე ვთამაშობთ, ადრე წარმოუდგენელი იყო”.
ნაკრების გამოცდილი მოთამაშის თქმით, ქალთა ფეხბურთში კარგი თაობები გამოჩნდა: „ჩემპიონატის მიმართ ინტერესის და ყურადღების გაზრდამ ის გამოიწვია, რომ ჩემპიონატის და თასის გამარჯვებულს მედიაში კარგად აშუქებენ. ამან შედეგი გამოიღო და ბევრი გუნდი ჩამოყალიბდა. ამის ლოგიკური შედეგი იყო პროგრესი, რაც უკვე აშკარაა. ამაზე ჩემპიონთა ლიგაზე „ლანჩხუთის” ძალიან ძლიერ ყაზახურ გუნდთან გამარჯვება მეტყველებს. ამავე დროს, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩდნენ”.