„ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ" საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს
„ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ" საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

„ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონი ორმა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სარჩელში სახელწოდებით „სოფიო გარუჩავა და ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მოქალაქეები მოითხოვენ კანონის მე-10 მუხლში სიტყვა „შესაძლებელია“ შეიცვალოს სიტყვით „ვალდებულია“.

საუბარია რეგულაციაზე, როდესაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციელი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს. კანონში წერია, რომ პოლიციელმა შესაძლებელია გამოსცეს ამგვარი ორდერი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტყვა „შესაძლებელიას“ ნაცვლად კანონში გამოყენებული უნდა იყოს „ვალდებულია“, რადგან სადავო ნორმის ამგვარი ფორმულირება, პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს აძლევს შესაძლებლობას ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს, გამოსცეს თუ არა შემაკავებელი ორდერი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბევრი პოლიციელი წლების განმავლობაში არ გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, რაც მძიმე შედეგებით დასრულებულა”, – განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ავალიანმა. იგი მოსარჩელის ინტერესებს იცავს.

მოსარჩელის აზრით, პოლიციის თანამშრომლისადმი ამგვარი დისკრეციის მიცემა გაუმართლებელია და იგი ვალდებული უნდა იყოს გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი.