ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მედია მხარდამჭერი საზოგადოებრივი მაუწყებელია, შეხვედრა გაიმართა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ კვლევასთან დაკავშირებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალთა უფლებების დაცვის წარმომადგენლები გაერო-დან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი გოგიტა თოდრაძე, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი.
კვლევის მედია მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის წინააღმდეგ არხის მიერ დაწყებული კამპანია.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია, რომელიც არხმა დაიწყო. ყველა ძალას იკრებს თავის პარტნიორებთან ერთად, რომ საზოგადოება ამ ყველაფრის შესახებ უფრო ინფორმირებული იყოს. უკვე მეორედ ტარდება ასეთი მასშტაბური კვლევა საქართველოში. ჩვენ ვეცდებით, ამ პროცესის კვალდაკვალ ვიყოთ ჩართული, რათა მოხდეს საზოგადოების სწორი ინფორმირება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ კვლევას გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განახორციელებს. საქსტატის ინფორმაციით, საველე სამუშაოების ჩატარება 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იგეგმება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4 400 რესპონდენტი მიიღებს მასში მონაწილეობას. მათივე ცნობით, ამ მიზნით, კვლევაში მონაწილე 90-მდე საველე პერსონალს მიმდინარე წლის ოქტომბერში ფართომასშტაბიანი ტრენინგი ჩაუტარდება.
საქსტატის ინტერვიუერები დეტალურად გაეცნობიან კვლევის მეთოდოლოგიას, კითხვარების შევსების ინსტრუქციასა და საველე პროცედურებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. კვლევის მონაცემთა შეგროვება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვის გზით განხორციელდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, კვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები.
კვლევის შედეგები 2023 წელს იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული გამოკვლევა პირველად 2017 წელს ჩატარდა, რომლის შედეგებიც საქსტატის ვებგვერდზეა განთავსებული.