პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირებას ეხება, კენჭისყრაზე ჩავარდა. დეპუტატებმა ცვლილებების თაობაზე მსჯელობა ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე დაიწყეს და დღეს გააგრძელეს, რის შემდეგაც საკითხს კენჭი უყარეს.
ცვლილებებს მხარი 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 14 წავიდა. პროექტის პირველი მოსმენით მისაღებად 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იყო საჭირო. კენჭისყრამდე, საკითხზე კონსულტაციები მმართველი გუნდის დახურულ სხდომაზეც გაიმართა, რომლის შემდეგაც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტის მიხედვით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის წარდგენისას პარტიებს ევალებათ, სქესთა ბალანსი ისე დაიცვან, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარდგენილი, განსხვავებული სქესის კანდიდატი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევში, ცესკო პარტიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად სიას უკან დაუბრუნებს. იმ შემთხვევაში, თუ პარტია პრობლემას არ გამოასწორებს, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის.