ქალთა ფეხბურთი - საქართველოს ნაკრებმა ისრაელთან მინიმალური სხვაობით დათმო
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები „მიხეილ მესხი არენაზე“ ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
ისრაელის ნაკრები მე-10 წუთზე სწრაფი გოლით კორალ ჰაზანმა დააწინაურა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმში მოახერხეს, 61-ე წუთზე თათია გაბუნიას კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა აიღო. ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება 70-ე წუთზე მალევე მოახერხა. შორიდან საჯარიმო დარტყმით მეტოქეს თეონა ბაქრაძემ გაუტანა.
საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ გააქტიურდა, თუმცა 79-ე წუთზე მსაჯმა ნინო პასიკაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მოედნიდან გააძევა და ლევან ბაჯელიძის გუნდმა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო.
საქართველო-ისრაელი 1:2
გოლები: 0:1 ჰაზანი (10), 0:2 შტაინშნაიდერი (61), 1:2 ბაქრაძე (70)
27. 10. 2020. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი“
საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ჯოჯუა, ჭიჭინაძე, წყონია, ბაქრაძე, დანელია (46. სულაშვილი), სუთიძე, თოდაძე
სათადარიგოები: გაბელაია, ნასყიდაშვილი, კახნიაშვილი, შენგელია, გურიელიძე, ძაძუა, ეპიტაშვილი, ბებია, მწყერაშვილი, მინაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე
მთავარი არბიტრი: ლიუდმილა ტელბუხი (უკრაინა)
გაფრთხილება: პასიკაშვილი (39)
გაძევება: პასიკაშვილი (79. მეორე ყვითელი)
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 შეხვედრას 26 ნოემბერს კვლავ საკუთარ მოედანზე მალტის ნაკრებთან ჩაატარებს.