ქალაქის საცობებისგან განტვირთვისა და ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმე ეტაპიანი სამუშაო განხორციელდება
დედაქალაქის მერია საცობებისგან ქალაქის განტვირთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით, რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს განხორციელებას გეგმავს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა დედაქალაქის მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთაა.
„არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ. ვგეგმავთ, როგორც მეტროს რეაბილიტაციის პროექტის
განხორციელებას, რათა გადაადგილების დრო შევამციროთ, ასევე, გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ჩვენ ასევე, ვაპირებთ ავტობუსების პარკის განახლებას. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. ვგეგმავთ, ავტობუსების სპეციალური ზოლების – ე.წ. ბასლაინების მოწყობასაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის დასუფთავების მანქანები სპეციალური გრაფიკით იმოძრავებენ, მოხდება მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმების განსაზღვრა.