ქალაქ სუმიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 89 ადამიანი
უკრაინაში, ქალაქ სუმიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულია 89 ადამიანი. გამოცემა „სუსპილნე“ ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელზე, არტიომ კობზარზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია, ხოლო დაშავებულთა შორის – 11.
„სარაკეტო დარტყმა სუმიში ცხრასართულიან სახლზე. ყველა საჭირო სამსახური უკვე ადგილზეა, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ჩემი სამძიმარი ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს ტელეგრამარხზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანებული ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამასთან, ახლომდებარე ექვს მრავალსართულიან სახლში ჩამსხვრეულია ფანჯრები, განადგურებულია ოთხი ავტომობილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გვიან ღამით რუსეთის არმიამ სუმიზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა.