ქალაქ სენაკისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად ტენდერი გამოცხადდა ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარზე მეტია, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ამ ეტაპზე სენაკის მოსახლეობის მხოლოდ 30% სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს წყალი 18-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზებულია წყლის ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციას საჭიროებს. დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ სენაკის, სოფლების – ნოსირის, შუა ნოსირის, მეორე ნოსირის, ახალსოფლის, საბესელიოს, საკილასონიოსა და საოდიშარიოს მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.