ქალაქ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მარიუპოლის ქალაქის საბჭოს განცხადებით, ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან 21:00 საათამდე მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალება ექნება. მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქში შერჩეული სამი ლოკაციიდან მოხდება მუნიციპალური ავტობუსების საშუალებით, თუმცა ქალაქიდან გასვლა კერძო ტრანსპორტითაც იქნება შესაძლებელი.
„კოლონის თავში იდგება წითელი ჯვრის სატრანსპორტო საშუალება. თხოვნაა ყველა მძღოლთან, რომელიც ტოვებს ქალაქს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას – თან წაიყვანეთ ხალხი, მაქსიმალურად შეავსეთ სატრანსპორტო საშუალებები,“ – ნათქვამია ქალაქის საბჭოს განცხადებაში.
გავრცელებული განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნით გათვალისწინებული მარშრუტიდან გადახვევა მკაცრად არის აკრძალული.
ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გასულ დღესაც იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და ქალაქიდან მოსახლეობის გაყვანა გადაიდო.