პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი საქველმოქმედო ღონისძიებაზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა დაჭრა.
ქალაქის მერს მამაკაცი სცენაზე დაესხა თავს და ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. პოლონური მედიის ინფორმაციით, 53 წლის პაველ ადამოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს ოპერაცია ხუთი საათის განმავლობაში უტარდებოდა.
კრიმინალური წარსული მქონე, 27 წლის თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. გდანსკის მერის დაჭრის შემდეგ, თავდამსხმელი ყვიროდა, რომ წინა მთავრობის დროს ციხეში უკანონოდ ჩასვეს და აწამეს, მმართველი პარტიის წევრი კი სწორედ გდანსკის მერი იყო.
პაველ ადამოვიჩი ქალაქ გდანსკის მერად 1998 წლის შემდეგ მუშაობს. ქალაქის მერი საქველმოქმედო ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც ბავშვთა საავადმყოფოებისთვის რამდენიმე მილიონი ევრო შეგროვდა. თავდასხმა პოლონეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაგმეს.