ქაბულში ორი ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა
ქაბულში ორი ავტობუსის აფეთქებას სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აფეთქება ჰაზარელებით დასახლებულ რაიონში მოხდა, სადაც გასულ კვირას ავტობუსებზე განხორციელებულ ანალოგიურ თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქაბულის პოლიციის განცხადებით, დაშავებულია სულ მცირე ექვსი ადამიანი.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ავღანეთში ტერორისტულ მოძრაობა „თალიბანსა“ და სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირების ესკალაცია აშშ-ის მიერ ქვეყნიდან ჯარების გაყვანის შემდეგ განახლდა.
გარდა ამისა, ჰაზარელების წინააღმდეგ თავდასხმებს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოც“ ახორციელებდა. მაისის თვეში მათ მიერ სკოლაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.