ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დაშავებულია 52 ადამიანი . ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Tolo News-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. თავდასხმა ალი აბადის საავადმყოფოსა და ქაბულის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავღანეთის დედაქალაქის მცხოვრებლები გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომას, ნავრუზ ბაირამს აღნიშნავდნენ.
როგორც ქაბულის პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, უსაფრთხოების ძალებმა ნავრუზ ბაირამის დღესასწაულზე დაგეგმილი თვადასხმების შესახებ არაერთი მუქარა მიიღო, რის გამოც დედაქალაქში უსაფრთხების ზომები გამკაცრებული იყო.
განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ. მან თავდასხმა დაგმო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.