ავღანეთის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საჯარო სკოლაში აფეთქება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
დედაქალაქის ამ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობა შიიტური ჰაზარას თემს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელიც ხშირად სუნიტი მებრძოლების, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ხშირი სამიზნეა.
„სამი აფეთქება მოხდა საჯარო სკოლაში, არის მსხვერპლი ჩვენს შიიტ მოსახლეობაში“, – აღნიშნა ქაბულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ხალიდ ზადრანმა.
„როიტერის“ ცნობით, ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი და დაიჭრა 14.
მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.