ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსხვერპლთა უმეტესობა სტუდენტები არიან.  ამასთან, თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათგან ზოგიერთმა დაზიანებები იმ დროს მიიღო, როცა უნივერსიტეტის შენობიდან თავის დაღწევის მიზნით, ფანჯრებიდან გადახტნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმისას დაიღუპა 22 და დაშავდა 27 ადამიანი.

ქაბულის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირები 2 ნოემბერს შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქაბულის სასწავლო დაწესებულებაზე თავდასხმა მეორედ მოხდა.  ქაბულში 3 ნოემბერი გლოვის დღეა. ამის პარალელურად, 100-მდე სტუდენტი შეიკრიბა უნივერსიტეტთან და დოჰაში მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მოლაპარაკებები გააპროტესტა.