ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ორი აფეთქება სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის სამხედრო საავადმყოფოსთან მოხდა. ერთი აფეთქება 400-ადგილიანი საავადმყოფოს შესასვლელთან, ხოლო მეორე საავადმყოფოს მახლობლად.
მედიის ცნობით, აფეთქებების შემდეგ ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებული. ამასთან, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე, უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.
მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ იღებს.
2017 წელს ორგანიზაციის მიერ 400-ადგილიან საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.