ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ქაბულის აეროპორტში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო „ამაქი“ იუწყება.
რამდენიმე საათის წინ ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა. თავდასხმის სამიზნე ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი იყო, რომელიც აეროპორტში აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩავიდა. ავღანეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა რადიკალი შეამჩნიეს და პოლიტიკოსამდე მიღწევის საშუალება არ მისცეს, თუმცა ტერორისტმა ბომბის ამოქმედება მაინც მოასწრო.
ეთნიკურად უზბეკი ვიცე-პრეზიდენტის, აბდულ რაშიდ დუსტუმის წინააღმდეგ არსებული საქმის გამო, 2017 წელს პოლიტიკოსი ავღანეთიდან გაიქცა და თავს თურქეთს აფარებდა. მას პოლიტიკური ოპონენტების გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებდნენ. პოლიტიკოსის წინააღმდეგ ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ, თუმცა 2017 წლის მაისში გამოძიების დაწყების შემდეგ, პოლიტიკოსმა, სამართლებრივი დევნის თავიდან ასარიდებლად, ქვეყანა დროებით დატოვა. მაშინ დუსტუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი თურქეთში სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად წავიდა.