პუტინმა სირიის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გეგმაში ირანისა და თურქეთის ლიდერების მხარდაჭერა მიიღო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გეგმაში ირანისა და თურქეთის ლიდერების მხარდაჭერა მიიღო. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ვიზიტიდან ორ დღეში ვლადიმერ პუტინმა სოჭში რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ჰასან როუჰანის უმასპინძლა.
მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში სამი ქვეყნის ლიდერებმა სირიის მთავრობასა და ოპოზიციას მოუწოდეს, მონაწილება მიიღონ მათ მიერ მოდერირებულ შეხვედრაში, რომელიც, სავარაუდოდ, სოჭში გაიმართება. კონკრეტული თარიღი ლიდერებს არ დაუსახელებიათ.
პუტინის თქმით, სირიის კრიზისის მოგვარების კუთხით ახალი ერა იწყება და ამისთვის კომპრომისზე წასვლა ყველა მხარეს მოუწევს, მათ შორის, ასადის მთავრობასაც.
სირიაში სამოქალაქო ომი მეშვიდე წელია მიმდინარეობს. საბრძოლო მოქმედებებს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მსოფლიო უმწვავეს ჰუმანიტარულ კრიზისში ჩააგდო. 11 მილიონზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.