პუტინი - ტრამპის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, იერუსალიმის სტატუსის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ისევე როგორც თურქეთი, რუსეთიც მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სიტუაციის დარეგულირებას სულაც არ უწყობს ხელს. პირიქით, რეგიონში არსებულ ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ართულებს“, – განაცხადა პუტინმა თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამასთან, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების საგანი უნდა გახდეს.
გამოსვლის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს მადლობა რუსულ ენაზე გადაუხადა.