პუტინი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა „ისეთი არაფერი გააკეთოს“, რაც სირიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა „ისეთი არაფერი გააკეთოს“, რაც სირიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
სირია, ირანი და რუსეთი ამტკიცებენ, რომ კვირას სირიულ ავიაბაზაზე მიტანილი იერიშის უკან, რომელსაც შვიდი ირანელი სამხედრო ემსხვერპლა, ისრაელი დგას. ამ ბრალდებას ისრაელის მხარე ჯერ არ გამოხმაურებია.
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით კი, სატელეფონო საუბარში პუტინმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ახლა სირიის სუვერენიტეტის დაცვა უმნიშვნელოვანესია.