პუტინი - კიევი დონბასში საზღვარზე კონტროლს თუ მოიპოვებს, ნაციონალისტებმა შესაძლოა, „მეორე სრებრენიცა“ მოაწყონ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კიევი დონბასში საზღვარზე კონტროლს თუ მოიპოვებს, ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის გარანტიების გარეშე ნაციონალისტებმა იქ შესაძლოა, „მეორე სრებრენიცა“ მოაწყონ. ამგვარი მოსაზრება რუსეთის პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გამოთქვა.
„უკრაინული მხარე მუდმივად აყენებს საკითხს – მოგვეცით შესაძლებლობა, დავკეტოთ საზღვარი ჯარებით. მე წარმომიდგენია, რა დაიწყება შემდეგ. სრებრენიცა იქნება, სულ ეს არის“, – განაცხადა პუტინმა.
„ჩვენ ხომ ვნახეთ, როგორი დისკუსია ჰქონდა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ნაციონალისტებთან. გასაგებია, ვინ არის იქ უფრო ძლიერი. და რა მოხდება იქ? ვინ უხელმძღვანელებს ამ ნაციონალისტებს, როდესაც ისინი ამ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის გარანტიების უზრუნველყოფის გარეშე შევლენ“, – იკითხა პუტინმა.
მისი თქმით, პარიზში ის მოსკოვის დროით ღამის სამ საათამდე უკრაინის პრეზიდენტთან ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის შესაძლო დევნას განიხილავდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ არ არის მიღებული ამნისტიის შესახებ კანონი, რომელზეც შეთანხმება 2015 წელს იყო მიღწეული.
1995 წელს ბოსნიელმა სერბებმა რატკო მლადიჩის მეთაურობით ქალაქ სრებრენიცაში რვა ათასამდე ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი მოკლეს.