პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან
თბილისში, პუშკინის სკვერში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.
ადგილზე შეკრებილები მოგვიანებით აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და მსვლელობით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ გეგმავენ წასვლას.
როგორც აქციის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „საკითხი არის მარტივი, ადამიანმა, რომელმაც ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უნდა გადადგეს“.
„ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებით, როდის შეიგნებს ხელისუფლება, რომ დაპირისპირებულია არა პოლიტიკურ პარტიებთან და ოპოზიციასთან, არამედ საქართველოს მოქალაქესთან. არსად არ წავა მოთხოვნები. ძალიან კარგია, რომ პარლმენტის ე.წ. სპიკერი გადადგა, ძალიან კარგია, რომ ბოლოსდაბოლოს მივაღწიეთ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას. ახლა საკითხი არის მარტივი – ადამიანმა, რომელმაც ესროლა საქართველოს მოქალაქეს, უნდა გადადგეს. გადადგება და ყველაფერი დაბრუნდება წყნარ, მშვიდ დიალოგში. მე ვუერთდები მოქალაქეების პროტესტს. სადაც მოქალაქე წავა. იქ გავყვები“,-აღნიშან გრიგოლ ვაშაძემ.
პუშკინის სკვერში იმყოფება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.
„ჩვენ ვუერთდებით საერთო სახალხო მოთხოვნას. მე მგონი ყველა დავიღალეთ იმით, რაც ქვეყანაში ხდება და არ მიგვაჩნია, რომ სტანდარტი უნდა იყოს ხალხის სისხლის ღვრა, თვალების დათხრა. მოთხოვნა არის ძალიან მარტივი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, უნდა გადადგეს, ეს არის აბსოლუტურად რაციონალური მოთხოვნა. ახლა რაც არ უნდა ეცადნონ გადატრიალების სცენარების ხატვას, ესეც უკვე არახალია და ხალხისთვის ნაცნობია. ჩვენ ვუერთდებით საერთო სახალხო მსვლელობას“, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ.
მსვლელობის მონაწილეები მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან.