„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პურის ფასის გაზრდის პირობა არ არსებობს და შესაძლოა, ტენდენცია კლებისკენ წავიდეს
„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პურის ფასის გაზრდის პირობა არ არსებობს და შესაძლოა, ტენდენცია კლებისკენ წავიდეს

არავითარი პირობა არ არსებობს, რომ პურის ფასი წავიდეს ზევით, პირიქით არის და ამაზე მუშაობენ, რომ შესაძლებელია, ცოტა დაბლა წამოვიდეს, – ამის შესახებ „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის ფქვილის მარაგი, რომელიც ეტაპობრივად იზრდება.

„მარაგები ამჟამად არის. გარდა ამისა, შემოდის ფქვილი დიდი რაოდენობით. ფქვილის შემოსვლამ გარკვეულად იმოქმედა ჩვენი წისქვილების მუშაობაზე და მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება თუ შევადარებთ შარშანდელს, დაახლოებით, 10-15 ლარიანი სხვაობაა. შარშან ფიქსირდებოდა 70 ლარი და 50 თეთრი და წელს ერთი ტომარა დაახლოებით 60 ლარამდეა. ხშირად იციან ხოლმე ამის თქმა, რომ 20 ლარიანი სხვაობაა. შემომტანი, რომელიც 50-ს აფიქსირებს საბაჟოზე 50 ლარად ამ ტომარას არ გაყიდის. მას თავისი მოგება თუ არ დარჩა, რატომ შემოიტანს? ფქვილმა დაიკლო, მაგრამ ელექტროენერგიამ არ მოიმატა? წყალი 4.40 ღირდა, 6.50 ღირს. ბუნებრივმა აირმა არ მოიმატა? დროებითიაო, მერე შეიცვლებაო, შეიცვალა? არ შეიცვალა. გუშინაც შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ასე თუ ისე კლებისკენ კორექტირება მოხდეს. არის ასეთი მოლოდინი, რომ პურზეც შესაძლებელია განხორციელდეს, მაგრამ ამას მუშაობა და დრო უნდა. სტაბილიზაცია უნდა იყოს ქვეყანაში. ჩვენ არა ვართ ხორბლის მწარმოებლები, ძირითადად ვართ მომხმარებლები. მაგალითად აზერბაიჯანში პური ღირს დაახლოებით ერთი ლარი, სომხეთში კიდევ უფრო ნაკლები. აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების გადასახადი არ მოქმედებს პურზე. საქართველოს ფასებს თუ შევადარებთ, სომხეთი სხვა სიტუაციაშია, სხვა დონეზე არიან, ისინი არიან საბაჟო კავშირში, რომელსაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა და ყველაფერი ხომ შედარებითია. სამთვიანი მარაგი არსებობს. ეს მარაგი არ ჩერდება, შემოდის. არავითარი პირობა არ არსებობს იმისა, რომ პურის ფასი წავიდეს ზევით. პირიქით, არის და ამაზე მუშაობენ, რომ შესაძლებელია, ცოტა დაბლა წამოვიდეს“, – განაცხადა დოლიძემ.