პულსარების გარშემო შეიძლება სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტები იყოს
თეორიულად შესაძლებელია, რომ პულსარების გარშემო სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტები არსებობდეს. ასეთ პლანეტებს უნდა ჰქონდეს ვეებერთელა ატმოსფერო, რომელიც პულსარებისაგან მომდინარე მომაკვდინებელ რენტგენულ გამოსხივებასა და მაღალენერგიულ ნაწილაკებს სითბოდ გარდაქმნის.
ეს გახლავთ ახალი კვლევის დასკვნა, რომელზეც ნიდერლანდელი და ბრიტანელი ასტრონომები — ალესანდრო პატრუნო და მიჰკელ კამა მუაობდნენ. კვლევა Astronomy & Astrophysics-ში დღეს გამოქვეყნდა.
პულსარები ცნობილია თავიანთ ექსტრემალური პირობებით. ისინი სულ რაღაც 10-30 კმ დიამეტრიანი ნეიტრონული ვარსკვლავებია. აქვთ უზარმაზარი მაგნიტური ველები, იხორცებენ (აკრეცია) მატერიას და რეგულარულად ამოაფრქვევენ დიდი ოდენობით რენტგენულ გამოსხივებასა და სხვა ენერგიულ ნაწილაკებს.
ალესანდრო პატრუნო (ლეიდენის უნივერსიტეტი და ნიდერლანდების რადიოასტრონომიის ინსტიტუტი) და მიჰკელ კამა (ლეიდენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები) გვთავაზობენ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ვარსკვლავთა სიახლოვეს შეიძლება სიცოცხლე იყოს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასტრონომებმა ნეიტრონების სიახლოვეს ე. წ. სასიცოცხლო ზონის გამოთვლა სცადეს.
როგორც გამოთვლებმა აჩვენა, სასიცოცხლო ზონა ნეიტრონული ვარსკვლავის გარშემო შეიძლება იმხელა იყოს, რა მანძილითაც დედამიწაა მზისგან დაშორებული.
მნიშვნელოვანი წინაპირობა კი ისაა, რომ პლანეტა უნდა იყოს ე. წ. სუპერდედამიწა და მისი მასა მერყეობდეს 1-10 დედამიწის მასას შორის. უფრო პატარა პლანეტა ატმოსფეროს სულ რამდენიმე ათას წელიწადში დაკარგავდა.
გარდა ამისა, ატმოსფერო მილიონჯერ უფრო სქელი უნდა იყოს დედამიწის ატმოსფეროზე. პულსარის პლანეტის ზედაპირი შეიძლება წააგავდეს ღრმა ზღვისას.
ასტრონომებმა შეისწავლეს პულსარი სახელად PSR B1257+12, რომელიც დედამიწიდან 2300 სინათლის წლის მანძილზე, ქალწულის თანავარსკვლავედში.ამისათვის მათ ჩანდრას კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს, რომელიც სპეციალურად რენტგენულ გამოსხივებაზე დაკვირვებისთვისაა შექმნილი.
ამ პულსარის გარშემო სამი პლანეტა მოძრაობს. ორი მათგანი სუპერდედამიწაა, აქვთ 4-5 დედამიწის მასა. პლანეტები პულსართან საკმარისად ახლოს მოძრაობენ იმისათვის, რათა გათბნენ.
„ჩვენი გამოთვლების მიხედვით, ამ პლანეტების ტემპერატურა შეიძლება ხელსაყრელი იყოს მათ ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისათვის. თუმცა, ჯერ არ ვიცით, აქვს თუ არა ამ ორ სუპერდედამიწას შესაბამისი, უკიდურესად მკვრივი ატმოსფერო“, — ამბობს პატრუნო.
მომავალში, ასტრონომები უფრო დეტალურად უნდა დააკვირდნენ ამ პულსარს და შეადარონ სხვა პულსარებს. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ჩილეში განთავსებული ტელესკოპ ALMA-ს ნეიტრონული ვარსკვლავების გარშემო მტვრის დისკოების გამოვლენა შეუძლია. ასეთი დისკები პლანეტათა კარგი წინასწარმეტყველებია.
ირმის ნახტომში დაახლოებით 1 მილიარდი ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელთა შორის 200 000 პულსარია. სხვათა შორის, შესწავლილია 3000 პულსარი, მაგრამ მათ გარშემო აღმოჩენილია მხოლოდ 5 პლანეტა.PSR B1257+12 ყველაზე კარგად შესწავლილი პულსარია. 1992 წელს, ასეთი ობიექტის გარშემო პლანეტა პირველად აღმოაჩინეს.
მომზადებულია nova-astronomy.nl-ის მიხედვით