ჰოლანდიური „პსვ ეინდჰოვენი“ გერმანული „ჰანოვერისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების 20-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის, კრის გლოსტერის გადაბირებას შეეცდება, იტყობინება „იესპიენი“ (ESPN).
როგორც ირკვევა, „ეინდჰოვენის“ მესვეურებმა უკვე ოფიციალურად მიმართეს გერმანულ კლუბს, ფეხბურთელი კი მთავარ მწვრთნელ მირკო სლომკას შეხვდა და უთხრა, რომ ჰოლანდიურ გრანდში გადასვლა სურს.
ასევე ცნობილია, რომ გლოსტერს „ჰანოვერთან“ გაფორმებული კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, ამიტომ ფეხბურთელი რომ უფასოდ გასაშვები არ გაუხდეს, გერმანული გუნდი მის გაყიდვას მომავალ კვირასვე შეეცდება.
18 წლის გლოსტერმა გასული სეზონის დიდი ნაწილი „რეგიონალლიგა ნორდში“ მოასპარეზე სარეზერვო გუნდში გაატარა, თუმცა სპეციალისტების ყურადღება ცოტა ხნის წინ პოლონეთში დასრულებულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშით მიიპყრო, სადაც აშშ-ის ნაკრებმა მეოთხედფინალს მიაღწია.
როგორც ირკვევა, სწორედ იქ დაადგეს თვალი მას „ეინდჰოვენის“ სკაუტებმაც.