პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმებაზე სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო.
ამ საკითხზე განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სასამართლოს სექსმუშაკმა მიმართა, რომლის პერსონალური მონაცემები დაფარულია.
როგორც მოსარჩელე მიუთითებს, ნებისმიერ მომენტში არსებობს საფრთხე, რომ მას აღნიშნული საქმიანობის განხორციელების გამო სადავო ნორმის საფუძველზე დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მოქალაქის აზრით, ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და არაკონსტიტუციურია.
„მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1354 კონსტიტუციური სარჩელი („ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172 (3) მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით“, – წერია სასამართლოს სხდომის საოქმო ჩანაწერში.
მოსარჩელემ სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბერს მიმართა, არსებით განხილვაში მიღებაზე გადაწყვეტილება კი, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 24 ოქტომბერს მიიღო.
საქმეს სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს, რომლის შემადგენლობაში არიან თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე და თამაზ ცაბუტაშვილი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს პროსტიტუციას და სასჯელის ზომად ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სექსმუშაკებს, ძირითადად, 20-ლარიან ჯარიმებს უწერენ.