პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იმსჯელებს
პროსტიტუციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმებაზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არსებითად განიხილავს.
მოსარჩელე ს.მ, რომლის პერსონალური მონაცემები დაფარულია, სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს. კოდექსი აწესებს პასუხისმგებლობას პროსტიტუციის ჩადენისათვის.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად კი, სადავო ნორმები არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების კომპონენტს – სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლებას. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია, რას ნიშნავს ტერმინი „პროსტიტუცია“ და ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სექსმუშაკებს ძირითადად, 20-ლარიან ჯარიმებს უწერენ.
მოსარჩელემ სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბერს მიმართა, არსებით განხილვაში მიღებაზე გადაწყვეტილება კი, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 24 ოქტომბერს მიიღო.
საქმეს სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს, რომლის შემადგენლობაში არიან თეიმურაზ ტუღუში, ირინე იმერლიშვილი, მანანა კობახიძე და თამაზ ცაბუტაშვილი.