პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი დააკავეს
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი და ადმინისტრატორი, რომლებიც თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ბრალს აღიარებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, მისი მფლობელი ფ.ი. და დაწესებულების ადმინისტრატორი და ბარმენი ი.ქ. გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
რაც შეეხება მესამე დაკავებულს, ის ჩინური მასაჟის ერთ-ერთი სალონის ადმინისტრატორია, რომელიც თანხის სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
„ამავე ბრალდებით, თბილისში კიდევ ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩინური მასაჟის ერთ-ერთი სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ზ.ქ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით უკვე გამოკითხეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ბათუმში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე, ექვსი პირი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ამხილა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.
პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.